დევნილები და ვეტერანები

არაერთი გამოწვევისა და ამოცანის წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება იძულებით ადგილნაცვალ პირთა (ლტოლვილთა) ადექვატურ და ადამიანის შესაფერის გარემოში განსახლების და ერთიან სამოქალაქო სივრცეში ღირსეული ინტეგრირების საკითხი.

მრავალი დაპირებისა და გამოთქმული მზადყოფნის მიუხედავად, ხელისუფლება სამწუხაროდ ვერ ან არ იქცა გარანტად დევნილთა უფლებების დაცვის საქმეში. მეტიც, დედაქალაქში არსებული დევნილთა ჩასახლებებიდან მოსახლეობის გამოყვანა გადაიზარდა დევნილი მოქალაქეების გამოყრა-გამოძევების პროცესში, რომელსაც თან ახლდა მოქალაქეთა ღირსების შემლახავი ქმედებები, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებები.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტრომ უგულებელყო მთელი რიგი ვალდებულებები. კერძოდ, სამინისტრომ დაარღვია დევნილთა გამოსახლების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად სამინისტროს ეკრძალებოდა პოლიციისათვის გამოსახლების თაობაზე წერილის გაგზავნა, რადგან გამოსახლებულებს არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართობების სანაცვლო ფინანსური კომპენსაცია. ამასთან დევნილთა უფლებები დაირღვა, რადგან გამოსახლების შესახებ მათ ამცნეს პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, ხოლო უშუალოდ გამოსახლება მოხდა პატივისა და ღირსების შემლახველი ფორმით, კერძოდ სატვირთო ავტომობილებით.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები, პარალმენტის და თბილისის საკრებულოს წარმოადგენლები (პარტიის შესაბამის სამსახურებთან ერთად) აქტიურად იყვნენ ჩართული დევნილთა თემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, მათ შორის აქტიურად ხორციელდებოდა მონიტორინგი როგორც სამინისტროსა და დევნილებს შორის გამართული კონსულტაციებისა, ისე უშუალოდ გამოსახლების პროცესის, რასაც მიეძღვნა მოძრაობის სახელით გაკეთებული არაერთი განცხადება და პრეს-კონფერენცია.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ პერმანენტულად ხდებოდა საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმირება, რათა მხედველობაში ყოფილიყო მიღებული აღნიშნული გარემოებები დევნილთა სამინისტროს მოქმედებებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და შეფასების მისაცემად.
მოძრაობის ლიდერებმა ადგილზე შეისწავლეს დევნილთა ახალი კომპაქტური ჩასახლებები, მონიტორინგმა აჩვენა, რომ შეთავაზებული საცხოვრებელი სივრცე არ აკმაყოფილებს იმ მინიმუმსაც, რომელიც აუცილებელია მოქალაქის ნორმალური და ადამიანური ცხოვრების პირობების უზრუნევლსაყოფად, რადგან არ არსებობს დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა. ამასთან, თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ზაზა გაბუნია იყო ერთ-ერთი ინიციატორი და წევრი იმ სამუშაო ჯგუფისა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მედიატორის ფუნქცია სამინისტროსა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შორის. სამწუხაროდ ყველა ის შეთანხმება, რომელიც აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მოხეხრდა (მათ შორის ფინანსური კომპენსაციების საკითხი) მხოლოდ ვერბალურ დაპირებად დარჩა.
ხელისუფლების აბსოლუტურად ინდიფერენტული და ნიჰილისტური პოლიტიკის გამო იძულებით ადგილნაცვალი პირები დღემდე რჩებიან ყველაზე უფლებაშელახულ, დისკრიმინირებულ და დაუცველ ფენად საქართველოში.
2011 წლის იანვარში გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლება ფოცხოეწერში იმყოფებოდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობები ძალზე მძიმეა, ხელისუფლება კი მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე მინიმალურადაც არ ზრუნავს.
ქრისტიან–დემოკრატები გამოვიდნენ ინიციატივით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფოცხოეწერში განთავსდეს, რაც ლოგიკურ კავშირში იქნება ხელისუფლების პოლიტიკასთანაც, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურის რეგიონებში გადატანას ითვალისწინებს.

ქრისტიან–დემოკრატებმა გააკრიტიკეს მთავრობის 854-ე განკარგულება, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობით საცხოვრებლის ან კომპენსაციის მიღების შემდეგ დევნილს ეკონომიკური დახმარება შეუწყდება.

დევნილების თემასთან ერთად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აქტიურად მუშაობს ვეტერანების საკითხზე. ქდმ-მ დაგმო 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე ვეტერანების აქციის დარბევა და ხელისუფლებას ძალის გამოყენების ნაცვლად მათი მოთხოვნების გათვალისწინება ურჩია. მოძრაობის წევრები დაარსების პირველი დღეებიდანვე ვეტერანებთან ერთად მუშაობენ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ძალოვანი სტრუქტურების 50 ათასამდე პენსიონერს და ვეტერანს უკავშირდება. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და ვეტერანთა კომიტეტი მუშაობს.


ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე