ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მისია (2009-2013)
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მისიას წარმოადგენს ერთიანი, თვითკმარი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, ჰუმანიზმსა და სოლიდარობაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება და ადამიანისათვის თავისუფლების, სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება.
აღნიშნული მისიის განხორციელებისათვის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აუცილებლად მიიჩნევს:
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობას. ამ მხრივ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილთა რეალური დაბრუნება თავიანთ სახლებში უსაფრთხოების გარანტიებით და მხოლოდ ამის შემდეგ - ტერიტორიების პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა;
• ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი;
• საზოგადოების ცხოვრებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერებას. რაც გულისხმობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა სამხედრო ძალებში კაპელანის ინსტიტუტის ამოქმედება, ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სტატუსების სამართლებრივი გათანაბრება, სასკოლო პროგრამებში ეკლესიის ისტორიული როლის წარმოჩენა და სპეციალური ფაკულტატური საგნის ჩართვა, ანტინარკომანული, ანტიკრიმინალური და სოციალური პროგრამების განხორციელება და ა.შ. ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობისა და ეკლესიის ხელშეუვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რაც იმავდროულად გულისხმობს სხვა კონფესიების მიმართ ტრადიციული ტოლერანტული სულისკვეთების გაღრმავებას საზოგადოებაში;
• ცენტრსა და რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობის პრინციპების შეცვლას, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მაქსიმალური განვითარებისათვის სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლების შექმნას;
• ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის განვითარებას, რისთვისაც არსებულ ეკონომიკურ სისტემებს შორის ქრისტიან-დემოკრატია უპირატესობას ანიჭებს არა უკიდურესობებს - სახელმწიფო რეგულირებას ან ლიბერალიზმს – არამედ, მათ ერთგვარ სინთეზს - სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, რადგან სწორედ ამ სისტემაშია ყველაზე უფრო დაცული საშუალო ფენის ინტერესები. ასევე აუცილებელია საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და გადასახადების ეტაპობრივი შემცირების ინიცირება და მხარდაჭერა;
• სამთავრობო სტრუქტურებისა და ხელისუფლების შენახვის ხარჯების შემცირებას;
• აგრარული სექტორის განვითარებას და მოსახლეობის დიდი ნაწილის დასაქმებას სოფლის მეურნეობის სფეროში. რაც საშუალებას მოგვცემს, ავაღორძინოთ ქართული სოფლის ფენომენი, მოვადხინოთ მოსახლეობის დამაგრება რეგიონებში, გავაუმჯობესოთ დემოგრაფიული სურათი. ამისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნული სფეროს მიზნობრივ სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით;
• საზოგადოებაში ქრისტიან-დემოკრატიული ფასეულობების დანერგვას. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით არა უბრალოდ კულტურული ტრადიციებისა თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი ფაქტორების უბრალო დაცვასა და კონსერვაციაზე, არამედ ტრადიციული ფასეულობების მოდერნიზებასა და მათ ადაპტირებაზე თანამედროვე რეალობასთან. ამ მხრივ, განსაკუთრებული ფოკუსირება მოხდება ოჯახური ფასეულობების განვითარებაზე;
• ქვეყანაში კანონის უზენაესობის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და მისი ობიექტურობის ხელშეწყობას;
• პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რის აუცილებელ წინაპირობად მივიჩნევთ მედიის სახელისუფლებო გავლენისაგან დამოუკიდებლობას;
• ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას; ამ კონტექსტში ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ განათლების - არა მხოლოდ, როგორც ცოდნის შეძენის ინსტიტუტის, არამედ, როგორც ადამიანში პიროვნების განვითარებისა და მისი ფინანსური კეთილდღეობის აუცილებელი მექანიზმის კულტივირებას;
• ცოდნაზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირებას, მეცნიერების როლის გაძლიერებას, მეცნიერებატევადი დარგების განვითარების ხელშეწყობას. უკვე არსებული სამეცნიერო სკოლების მოდერნიზებას და ახალი მიმართულებების სამეცნიერო კერების შექმნას;
• ჩვენი ეროვნული სიმდიდრის – ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოს დაცვის, როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის წარმოჩენას და ამ მიმართულებით აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ფორმირებას;
• პარტიული ორგანიზმის სტრუქტურულ გაძლიერებას, რისთვისაც აუცილებლად მივიჩნევთ "შიდა დემოკრატიის" განვითარებას - ე.წ. “პრაიმერიზის” სისტემით ადგილობრივი პარტიული ლიდერების გამოკვეთას და მუდმივ კონტაქტს ამომრჩეველთან.