ლევან ვეფხვაძე – ახალი ინიციატივა ძალიან მცირე ნაბიჯია , რათა პოლიტიკური გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დამატებითი თანხების გამოყოფის ინიციატივა ძალიან მცირე ნაბიჯია, რათა პოლიტიკური გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუზღუდავი რესურსები აქვს, სახეზე გვაქვს ბლოკი ივანიშვილს საფარქვეშ, რომელიც მილიონებს საყველპუროდ იხდის და შესაბამისად, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ამ ოდენობის რესურსი არ გააჩნიათ, რის გამოც დისბალანსი არსებობს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ამ დისბალანსის აღმოფხვრავს, რა თქმა უნდა, ეს თანხა ბოლომდე ვერ შეძლებს, თუმცა მიიჩნევს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები", სხვებისგან განსხვავებით, მინიმალური რესურსით მაქსიმალურს აკეთებს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლს ახალი, მე-12 პუნქტი დაემატება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დამატებითი თანხები გამოიყოფა.
გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშების მიზნით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება სამზე და გაიყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე;
ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. წინასწარი ინფორმაციით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 200 ათასს ლარს მიიღებს. სულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარი გამოიყოფა.
ცვლილების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირაში მოხდება, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.