სიახლე

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები ხარაგაულის რაიონს სტუმრობდნენ

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და ნიკა ლალიაშვილი დღეს ხარაგაულის რაიონის, სოფელ გედსამანიაში ჩავიდნენ. ქდმ-ს ინფორმაციით, მაღალმთიან სოფელში, სადაც წელიწადში ხუთი თვე თოვლიანია, რთულ კლიმატურ პირობებს უმძიმესი სოციალური ფონი, წყვეტილი ენერგომომარაგება და ხელისუფლების უყურადღებობა ერთვის.
"თოვლის გამო ხშირად წყდება ამორტიზებული სადენები, იქცევა ბოძები და მოსახლეობას კვირაობით უშუქოდ ყოფნა უწევს. ენერგოპროჯორჯიას ნაცვლად, ამ პრობლემებს თავად ადგილობრივები უმკლავდებიან. გედსამანიაში 450-მდე ადამიანი ცხოვრობს და თითქმის ყველა უკიდურესად გაჭირვებულია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში კი მხოლოდ 1 პროცენტი მოხვდა" , - აცხადებს ახვლედიანი.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ სოფლის მოსახლეობას შარშან მათი ძალისხმევით ვაქცინები დაურიგდათ, რამაც რაიონი ეპიდემიისგან და 300 სული პირუტყვი დახოცვისგან გადაარჩინა.
"მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსახლეობის ხე-ტყით მომარაგებაც. როგორც გაირკვა, ნებართვები გვიან დაარიგეს, როცა უკვე თოვლი იდო და შეშის დამზადება ძალზე გაჭირდა. ხშირია ჯარიმების გამოწერა, რაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს მძიმე ტვირთად აწვება" - თქვა ვეფხვაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატები" გედსამანიელებს თანადგომას და რიგი საკითხების გადაჭრაში დახმარებას დაპირდნენ.




ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე