წესდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”


წესდება

თბილისი, 2008 წელი

თავი პირველი
ზოგადი დებულებები

1.1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან_დემოკრატიული მოძრაობა” (შემდგომში “პარტია”), არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავისი საქმიანობით ამკვიდრებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს.
1.2პარტია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.3პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.4პარტია წარმოადგენს საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
1.5პარტიის ემბლემაა მეწამულ ფონზე თეთრი და შავი ფერებით შესრულებული ჯვარი, რომლის ცენტრში გამოსახულია შავი ფერის რკალში მოთავსებული ოქროსფერ და მეწამულ ფერებში შესრულებული ბოლნური ჯვარი.
1.6პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. #63
თავი მეორე
პარტიის მიზნები

2.1. პარტიის მიზნებია: საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შექმნა, განათლების სისტემის რეფორმა ტრადიციული ფასეულობების გათვალისწინებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
2.2. პარტია თავის მიზნებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებში მისი საქმიანობის ფორმით.: არჩევნებში მონაწილეობით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით, მშვიდობიანი, დემოკრატიული ხერხებითა და საშუალებები
თავი მესამე
პარტიის წევრობა

3.1. პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას, საპროგრამო დოკუმენტებს და იხდის პარტიის საწევრო შენატანს.
3.2. პარტიის წევრთა აღრიცხვის წესს ადგენს პარტიის გამგეობა - მთავარი კომიტეტი. პარტიის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს მთავარ კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის შემოსვლიდან არა უგვიანეს 2 თვისა. პარტიაში გაწევრიანების მსურველმა გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარ კომიტეტში უნდა წარმოადგინოს პარტიის ორი წევრის წერილობითი რეკომენდაცია.
3.3. პარტიაში დაწესებულია შემდეგი სახის დისციპლინური ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) პარტიიდან გარიცხვა.
3.4. პარტია თავის თავზე იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავისი წევრის მხოლოდ იმ ქმედებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება წევრის პარტიულ საქმიანობას.
3.5. პარტიის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოში.
ბ) დაასახელოს კანდიდატურა პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოში ასარჩევად.
გ) მიმართოს პარტიის ნებისმიერ ორგანოს წინადადებით, განცხადებით, საჩივრით და განსზაღვრულ ვადებში მიიღოს მასზე პასუხი;
დ) მიიღოს პარტიის მმართველობის ნებისმიერ ორგანოში არსებული ინფორმაცია პარტიის საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;
ე) მონაწილეობა მიიღოს პარტიის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში.
3.6. პარტიის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას პარტიის წესდება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში;
გ) აქტიურად ჩაერთოს პარტიის საარჩევნო კამპანიაში;
დ) ყველა ვითარებაში დაიცვას პარტიის ღირსება და თავისი ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია;
ე) გადაიხადოს პარტიის საწევრო გადასახადი.
3.7. პარტიიდან გასვლა თავისუფალია. პარტიის წევრი პარტიიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ თავჯდომარის სახელზე განცხადების წარდგენის დღიდან.
3.8. წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პარტიის წევრს შეიძლება დაეკისროს პარტიული პასუხისმგებლობა. პარტიული პასუხისმგებლობისა და მისი ზომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის მთავარი კომიტეტი.
3.9. გადაწყვეტილება პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვის შესახებ წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში.
თავი მეოთხე
პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა

4.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, აღმასრულებელი ორგანო – მთავარი კომიტეტი, ხოლო მაკონტროლებელი ორგანოა – სარევიზიო კომისია.
4.2. პარტიის ტერიტორიულ სტრუქტურებს - ქვედანაყოფებს იურიდიული პირის უფლების გარეშე მთავარი კომიტეტის მიერ დადგენილი წესით ქმნის და აუქმებს მთავარი კომიტეტი.
4.3. პარტიაში შეიძლება შეიქმნას რეგიონული, რაიონული, საქალაქო, სადაბო, სასოფლო ორგანიზაცია და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი. სტრუქტურული ქვედანაყოფების შიდა ორგანიზაცია და საქმიანობა რეგულირდება მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების საფუძველზე.
4.4. პარტიის ტერიტორიული ქვედანაყაფი ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს პარტიის პოლიტიკური კურსის შესაბამისად.
4.5. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, სტრუქტურული ქვედანაყოფი იურიდიული პირის უფლების გარეშე, თავის საქმიანობას წარმართავს მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
თავი მეხუთე
პარტიის ყრილობა

5.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევს პარტიის მთავარი კომიტეტი 4 წელიწადში ერთხელ მაინც.
5.2. პარტიის რიგგარეშე ყრილობას იწვევს მთავარი კომიტეტი.
5.3. მთავარ კომიტეტს რიგგარეშე ყრილობის მოწვევის მოთხოვნით შეიძლება მიმართოს პარტიის თავმჯდომარემ ან პარტიის წევრთა საერთო რაოდენობის სულ მცირე მესამედმა.
5.4. რიგგარეშე ყრილობა ტარდება მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში, გარდა ამ წესდების 7.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
5.5. ყრილობაზე დელეგატების არჩევის წესს ადგენს მთავარი კომიტეტი იმგვარად, რომ არჩეულ იქნას არანაკლებ 300 დელეგატისა.
5.6. ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.7. წესდებით გათვალსწინებული შემთხვევების გარდა, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5.8. ყრილობა:
ა) ისმენს მის მიერ არჩეული პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების ანგარიშს და აძლევს მათ შეფასებას.
ბ) განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური პლატფორმის ძირითად მიმართულებებს;
გ)ოთხი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს, თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანსა და სარევიზიო კომისიას, ხოლო შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გადაირჩევს მათ დაკავებული თანამდებობებიდან ვადაზე ადრე;
დ) უფლებამოსილია მოითხოვოს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ხელისუფლების ორგანოებში არჩეული ან დანიშნული პარტიის წევრების ანგარიშები და შეაფასოს მათი საქმიანობა;
ე)უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პარტიის ნებისმიერი სხვა ორგანოს გამგებლობაში არსებულ საკითხზე, გააუქმოს ან შეცვალოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ვ) მთავარი კომიტეტის შეთავაზებით ოფიციალურად წარადგენს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს.
5.9. ყრილობის გადაწყვეტილება სავალდებულა პარტიის ყველა წევრის, ორგანოსა და სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის.
5.10. ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. პარტიის წესდება, აგრეთვე ცვლილებები და დამატებები მასში, მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ყრილობის დამსწრე დელეგატთა 2/3 მაინც. პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მხოლოდ კანონით დადგენილი წესით მათი რეგისტრაციის შემდეგ.
თავი მეექვსე
პარტიის მთავარი კომიტეტი

6.1. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის საქმიანობას წარმართავს და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მთავარი კომიტეტი, რომელსაც ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით ირჩევს პარტიის ყრილობა. Pპარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში ავტომატურად შედის პარტიის თავმჯდომარე.
6.2 მთავარი კომიტეტი:
ა) შეიმუშავებს პარტიის სამოქმედო გეგმას, წინასაარჩევნო და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა დოკუმენტებს, უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილებების აღსრულებას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნისა და გაუქმების შესახებ და ამტკიცებს მათ დებულებებს;
გ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარტიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
დ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა სიას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პარტიის მიერ წარსადგენ კანდიდატურებს;
ე) უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილება;
ვ) უფლებამოსილია მოიწვიოს პარტიული და თემატური კონფერნციები და ფორუმები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის დროებით კომისიებს და ნიშნავს მათ თავმჯდომარეებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას საწევროების გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ;
ი) ამტკიცებს პარტიის ბალანსსა და ხარჯთაღრიცხვას;
კ) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას და იღებს გადაწყვეტილებებს ყველა იმ საკითხზე, რაც არ განეკუთვნება ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას.
6.3 მთავარი კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თავმჯდომარის ხმას.
6.4 მთავარი კომიტეტის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მთავარი კომიტეტის წევრთა არანაკლებ მესამედის მოთხოვნით. სხდომა ტარდება მოთხოვნიდან 72 საათის განმავლობაში.
6.5 მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის წევრებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის.
6.6 პარტიის მთავარი კომიტეტის სამიანობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მთავარი კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის პარტიის სამდივნოს, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს პარტიის გენერალური მდივანი. პარტიის სამდივნოს შემადგენლობასა და სტრუქტურას პარტიის თავმჯდომარის ან გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს პარტიის მთავარი კონიტეტი.
6.7 მთავარი კომიტეტის წევრის პარტიის წევრობიდან გარიცხვა ავტომატურად იწვევს მთავარი კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
თავი მეშვიდე
პარტიის თავმჯდომარე

7.1 პარტიის თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარეს, პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელსაც ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით ირჩევს პარტიის ყრილობა და მოქმედებს პარტიის ყრილობისა და მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
7.2 პარტიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავარი კომიტეტის სხდომებს;
ბ) არის პარტიის წარმომადგენელი მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში. საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს სპეციალურ წარმომადგენელობაზე უფლებამოსილ პირს და განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების კონკრეტული ფარგლებს;
გ) მთავარ კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ადმინისტრაციის (სამდივნოს) სტრუქტურას, დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; დ) აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პარტიის სახელით;
ე) ხელს აწერს მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს;
ვ)გამოსცემს განკარგულებებს;
ზ) ხელს აწერს პარტიის საარჩევნო დოკუმენტაციას;
თ) ასრულებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
7.3. პარტიის თავმჯდომარის არყოფნის ან თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი.
7.4. პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან.
7.5. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გენერალური მდივანი 5 (ხუთი) დღის ვადაში იწვევს რიგგარეშე ყრილობას თავმჯდომარის ასარჩევად, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან არა უადრეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღისა და არა უგვიანეს 2 (ორი) თვისა.
თავი მერვე
გენერალური მდივანი

8.1. გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფების (როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი) კოორდინირებულ საქმიანობას.
8.2 გენერალური მდივანი თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია პარტიის ყრილობის, თავმჯდომარისა და მთავარი კომიტეტის წინაშე.
8.3 გენერალურ მდივანს ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის ყრილობა.
თავი მეცხრე
სარევიზიო კომისია

9.1. სარევიზიო კომისიას ღია კენჭისყრით სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.
9.2. სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის წევრები.
9.3.სარევიზიო კომისია აკონტროლებს პარტიის წევრებისა და ორგანოების მიერ წესდების დაცვას, პარტიის საფინანსო საქმიანობას და თავის დასკვნებს წარუდგენს პარტიის ყრილობასა და მთავარ კომიტეტს.
9.4. სარევიზიო კომისია შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს და შესაბამის პარტიულ ორგანოს წარუდგენს დადგენილებებს პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.
9.5. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებისთვის აუცილებელია სულ ცოტა კომისიის 2 წევრის თანხმობა.
9.6. სარევიზია კომისია საკუთარ დასკვნას აცნობს როგორც მთავარ კომიტეტს, ასევე იმ ორგანოს ან წევრს, რომელსაც ეხება კომისიის დასკვნა.
9.7. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პარტიის სხვა ორგანოს წევრი.
9.8. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარტიის ყრილობის წინაშე.
9.9. პარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს დაესწროს პარტიის ნებისმიერი ორგანოს სხდომას. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან მოუსმინონ მას.
თავი მეათე
პარტიის ფინანსები

10.1. პარტიის ფინანსური წყაროებია: კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, ნებაყოფლობითი შემოწირულობანი და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
10.2. პარტიის ფულადი სახსრების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტიის მთავარი კომიტეტი.
10.3. პარტიის ქონებისა და სახსრების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად და მათი სხვა წესით განაწილება არ დაიშვება.
თავი მეთერთმეტე
პარტიის სიმბოლიკა

11.1. პარტიას აქვს ბეჭედი, ბლანკი და დროშა.
11.2. პარტიის ბეჭედი არის მრგვალი ფორმის, რომლის გარეთა ორ წრეში მითითებულია პარტიის სახელწოდება: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ცენტრში განთავსებულია პარტიის ემბლემა.
11.3.პარტიის დროშა არის 2:3 სიგრძისა და სიგანის შეფარდების მეწამული ფერის მატერია, რომელზეც გამოსახულია პარტიის ემბლემა.
11.4. პარტიის ბლანკის ფურცელზე ზედა მხარეზე გამოსახულია პარტიის ემბლემა, რომლის მარცხნივ მოთავსებულია პარტიის დასახელება ქართულ ენაზე, ხოლო მარჯვნივ – პარტიის დასახელება ინგლისურ ენაზე. ფურცლის ქვედა მხარეს მოთავსებულია პარტიის იურიდიული მისამართი, ინტერნეტ-მისამართი, პარტიის რეგისტრაციის მონაცემები და მარეგისტრირებელი ორგანო.
თავი მეთორმეტე
პარტიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
თავი მეთორმეტე
პარტიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

12.1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პარტიის საქმიანობის შეწყვეტა რეორგანიზაციის საფუძველზე ხდება პარტიის გაყოფის, სხვა პარტიასთან შერწყმის, პარტიასთან/პარტიებთან შეერთების შემთხვევაში.
12.2. გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციის შესახებ იღებს მხოლოდ პარტიის ყრილობა. იგი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 2/3, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა 2/3-ზე მეტი.
12.3. პარტია უფლებამოსილია მოახდინოს თვითლიკვიდაცია ყრილობის გადაწყვეტილებით. თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პარტიის ყრილობა. გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესდების 12.2 პუნქტში აღწერილი წესით.
12.4. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა იწვევს მისი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ორგანოს საქმიანობის შეწყვეტას.
12.5. სხვა პარტიასთან შერწყმის შემთხვევაში პარტიის ქონება გადაეცემა შესაბამის ახლად წარმოქმნილ (სუბიექტს) პარტიას. სხვა პარტიასთან/პარტიებთან შეერთების შემთხვევაში პარტიის ქონება შეუერთდება ამ პარტიის/პარტიების ქონებას. პარტიის გაყოფის შემთხვევაში ქონების განაწილების საკითხსა და წესს განსაზღვრავს პარტიის ყრილობა.
12.6. პარტიის თვითლიკვიდაციის შემთხვევაში ყრილობა ქმნის სალიკვიდაქციო კომისიას, რომელიც ახორციელებს სალიკვიდაციო პროცესს. დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას;
12.7. პარტიის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.


გადმოწერა [PDF]


ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე