რატომ ვარ ქრისტიან-დემოკრატი?

ქრისტიან-დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური მოძღვრების ისტორია, მრავალსაუკუნოვანია. დღეს ამ იდეოლოგიის მიმდევარი პარტიების უმეტესობა ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მმართველ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მთავარი მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და პარტიის მიერ დეკლარირებული ღირებულებების პრაქტიკაში დამკვიდრებაა.

რა არის ჩვენთვის ქრისტიან-დემოკრატია?

ქრისტიანობა და დემოკრატია - ამ ორ ცნებაში, მათ ურთიერთდამოკიდებულებაში არის მოქცეული ყველა ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც შეადგენს ჩვენი მოძრაობის ძირითად მიზანს. საქართველოსათვის, რამდენადაც ძველი და სისხლხორცეული ფენომენია ქრისტიანობა, იმდენად ახალია დემოკრატია, რომელიც, ჯერ კიდევ ჩასახვის ფაზაში იმყოფება. ქრისტიან-დემოკრატია ჩვენთვის ნიშნავს ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას ყველა მნიშვნელოვან სფეროში: ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, განათლებაში, კულტურაში და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ქრისტიან-დემოკრატიას, როგორც XXI საუკუნის საქართველოს სულიერ-პოლიტიკური ცხოვრების წესს.

რას წარმოადგენს ჩვენი მოძრაობა?

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არ წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას, არც - ქრისტიანთა სეკულარულ საზოგადოებას, არამედ - პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ეკლესია მის მისიონერულ მოღვაწეობაში და პოლიტიკური ტრიბუნა გადავაქციოთ საეკლესიო კათედრად. ჩვენ ვავლებთ მკვეთრ ხაზს პოლიტიკურ განცხადებებსა და ქადაგებას შორის და ვაცნობიერებთ, რომ წმიდა წერილისაგან არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პროგრამა. თუმცა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა გვიქმნის ნიადაგს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებისათვის.

რა არის ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები?

1.ზნეობრიობა: ჩვენი მოქმედებები ეფუძნება ქრისტანულ ეთიკასა და ზნეობას. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია მორალისა და პოლიტიკის ურთიერთდისტანცირება. 2.პასუხისმგებლობა: ადამიანი თავისუფალია და ადამიანი პასუხისმგებელია. ეს არის ადამიანის ფენომენის ქრისტიანული გაგება. ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ პასუხისმგებლობით განმსჭვალული თავისუფალი ადამიანების ერთობას, როგორც თანამედროვე ერს, შეუძლია ააშენოს საქართველოში ეფექტიანი სოციალური და პერსონალური ურთიერთობები - ააშენოს ნამდვილი დემოკრატია. 3.თანადგომა: სათნოება, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს მთელი საზოგადოება და უზრუნველყოს სახელმწიფოში სოციალური, ეთნიკური თუ კულტურული დიალოგი არის სოლიდარობა. 4.ცოდნა: რწმენამ ცოდნის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს ფანატიზმი. მხოლოდ განათლებასა და ცოდნაზე ორიენტირებულმა ერმა შეიძლება ჩაუყაროს საფუძველი თანამედროვე სახელმწიფოს. 5.შრომა: ის ინსტიტუტი, რომელიც არის უნივერსალური ღირებულების - მოქალაქის დამოუკიდებლობის - მიღწევის ერთადერთი საშუალება, საქართველოში უნდა იყოს შრომის ინსტიტუტი. 6.რწმენა: ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპი ერთიანდება იმ ფენომენში, რომელიც ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს და იმავდროულად გამორიცხავს ნაციონალისტურ ამპარტავნებას, რელიგიურ შეუწყნარებლობას. ეს ფენომენი არის რწმენა. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და ეს ჩვენი რწმენის მონაპოვარია.

რას ვუჭერთ მხარს?

 

  • პატიოსან, ზნეობრივ, პასუხისმგებლობიან საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
  • ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას;
  • რაციონალურ, მშვიდობიან და კეთილმეზობლურ პოლიტიკას რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან;
  • კანონის უზენაესობასა და მართლწესრიგს;
  • სამართლიან და ლმობიერ სახელმწიფოს;
  • ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების გარანტიის - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას;
  • სოციალურ დიალოგს საზოგადოების ყველა ფენას შორის;
  • განათლებულ პატრიოტიზმს;
  • ქრისტიანული ღირებულებების დანერგვასა და გატარებას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში;
  • ქრისტიანულ შემწყნარებლობას;
  • კულტურული ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვას;
  • ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობას.
ჩვენ გვჯერა:

ერთადერთ იდეოლოგიურ ფორმატს, რომელიც უპასუხებს იმ საერთაშორისო თუ ეროვნული დონის გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს წინაშე დგას ან მომავალში შესაძლოა დადგეს, ხოლო იმავდროულად, ყოველგვარი კონსერვაციის გარეშე შეინარჩუნებს ჩვენს ეროვნულ-კულტურულ იდენტობას - წარმოადგენს ქართული ქრისტიანული დემოკრატია.

ამიტომაც ვართ ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები


ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა facebook-ზე